ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ, სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი „გონივრულ მიზეზს ვერ ხედავს“ აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის. შესაბამისად, თეირანის გეგმა ამ ეტაპზე არაპირდაპირი მოლაპარაკებაა.
არაღჩიმ, რომელმაც ეს ინტერვიუ მარტის ბოლოს მისცა და მხოლოდ ახლახან გამოქვეყნდა, ხამენეის ბოლო სიტყვებზე დაყრდნობით თქვა:
„ამ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია არაპირდაპირი მოლაპარაკებაა. გონივრული არ არის, პირდაპირ მოლაპარაკებაში შევიდეთ ზეწოლის მაქსიმალური რეჟიმის პირობებში.“
შეტყობინებები შუამავლების მეშვეობით — არა პირდაპირი დიალოგი
არაღჩის განცხადებები ადასტურებს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის ნათქვამს, რომლის მიხედვითაც ირანი აშშ-სთან არაპირდაპირ კონტაქტებშია სხვადასხვა ქვეყნის შუამავლობით.
არაღჩიმ ასევე დაადასტურა, რომ ირანი მალე უპასუხებს ტრამპის მიერ ხამენეისთვის გაგზავნილ წერილს და დასძინა: „წერილები დიპლომატიის ნაწილია, მაგრამ შეიძლება ზეწოლისა და მუქარის ნაწილიც იყოს.“
ტრამპის წერილი — შეთავაზება თუ მუქარა?
ორი კვირის წინ დონალდ ტრამპმა “Fox News”-ის ეთერში განაცხადა, რომ ხამენეის წერილით მიმართა და პირდაპირ მოლაპარაკებას სთავაზობდა.
თუმცა ხამენეიმ მტკიცედ უპასუხა და თქვა, რომ ირანი „დამპყრობელ სახელმწიფოებთან“ არ ილაპარაკებს.
Axios-ის ცნობით, ტრამპის წერილში მითითებულია 2-თვიანი ვადა ირანისთვის, რათა ბირთვული შეთანხმების ახალი ვარიანტი იქნეს მიღწეული.
ძველი შეთანხმების აღდგენა შეუძლებელია?
არაღჩიმ აღნიშნა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების (ბარჯამ) აღდგენა უკვე შეუძლებელია, რადგან „პირობები რადიკალურად შეიცვალა“. ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად განვითარდა და აშშ-მ დამატებითი სანქციები დააწესა.
მისი თქმით, „ამ პირობებში აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკება წარმოუდგენელია, თუ არ შეიცვლება ძირეული საკითხები.“
ბირთვული პროგრამის გაფართოება და დიპლომატიური სირთულეები
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ გამოიყვანა შეთანხმებიდან 2018 წელს, ირანმა დაიწყო შეთანხმების პირობებიდან ეტაპობრივი გასვლა და გააორმაგა ურანის გამდიდრების დონე. მიუხედავად ამისა, ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას.
ეს ვითარება დამატებით ზეწოლას ქმნის თეირანის ხელისუფლებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.
